საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ბიზანტიური ფილოლოგია / Byzantine Philology
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზანტიური ფილოლოგიის ბაკალავრი / Bachelor of Byzantine Philology
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი თინათინ დოლიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია ბიზანტიურ ფილოლოგიასთან, ზოგადად ჰუმანიტარულ და ფილოლოგიურ მეცნიერებებთან დაკავშირებული, ფუნდამენტური და იმავდროულად ინტერდისციპლინური და კომპლექსური ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გამომუშავება შემდეგი მიმართულებებით: ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ლიტერატურის თეორიისა და თარგმანთმცოდნეობის საფუძვლები, ძველი ბერძნული და ლათინური ენები, ანტიკური ფილოსოფია და ქრისტიანობის საფუძვლები, ბიზანტიის ისტორია, ბიზანტიური ლიტერატურა, კერძოდ, ბიზანტიური აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ჰიმნოგრაფია, ისტორიოგრაფია, ეპოსი და ბიბლიური ეგზეგეტიკა, ქართულ–ბიზანტიური ისტორიული, ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები, ბიზანტიური ცივილიზაციის გავლენა თანამედროვე ქართულ და ევროპულ ლიტერატურაზე, ხელოვნებასა და კულტურაზე, ქართველ მოღვაწეთა წვლილი ბიზანტიურ კულტურაში, და სხვ.
პროგრამა მიზნად ისახავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დარგის, ბიზანტიური ფილოლოგიის სპეციალისტების მომზადებას, რომელთა როგორც ზოგადად ჰუმანიტარული, ისე ვიწრო დარგობრივი ცოდნა, პრაქტიკული უნარები და ზოგადი კომპეტენციები უზრუნველყოფს მათ დასაქმებას დიდაქტიკურ და სამეცნიერო, მთარგმნელობით, საგამომცემლო, მასმედიის სფეროებში, სასულიერო–საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და სხვ. ბიზანტიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა იძლევა ფართო ჰუმანიტარულ–ფილოლოგიურ განათლებას და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის ჩვევებს, ხოლო პროგრამის მულტიდისციპლინური პროფილის გამო კურსდამთავრებულებს აქვთ არა მხოლოდ ბიზანტიური ფილოლოგიის, არამედ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა პროფილით სწავლის გაგრძელების პერსპექტივა.
ბიზანტიური ფილოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულთა თეორიული და პრაქტიკული საქმიანობა მომავალში ხელს შეუწყობს როგორც ბიზანტიური კულტურული ფასეულობების შესწავლასა და ბიზანტიური ფილოლოგიის განვითარებას, ისე ქართული ლიტერატურის, ხელოვნებისა და კულტურის სიღრმისეულ გააზრებას ბიზანტიური ცივილიზაციის კონტექსტში.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ბიზანტიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; აქვს დარგის ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას. მას შუძლია დარგის კომპლექსური საკითხების გაცნობიერება. მან იცის ბიზანტიური სამყაროს კვლევის ისტორია, ბიზანტიურ ფილოლოგიაში გამოყენებული კვლევის მეთოდები, ბიზანტიურ–ქართული ისტორიული და კულტურული ურთიერთობები, ბიზანტიის როლი აღმოსავლეთ და დასავლეთქრისტიანული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კულტურული ფორმირების პროცესში; იცის ძვ. ბერძნული და ლათინური ენები, შუა საუკუნეების ლათინური ენის მორფოლოგიური და სინტაქსური თავისებურებები; ბიზანტიური ლიტერატურის განვითარების ძირითადი ეტაპები, ჟანრები, მნიშვნელოვანი ავტორები, მათი შემოქმედების ძირითადი პრობლემატიკა და კვლევის თანამედროვე მდგომარეობა; ბიზანტიური პერიოდის სხვადასხვა ჟანრის ბერძნულენოვანი ტექსტების ენობრივი, ლიტერატურათმცოდნეობითი, ტექსტოლოგიური და საღვთისმეტყველო თავისებურებები; ბიზანტიური ეპოსის, ჰაგიოგრაფიის, ისტორიოგრაფიის, მსოფლმხედველობრივი და მხატვრული მახასიათებლები და თავისებურებები მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში; ქრისტიანული ეგზეგეტიკისა და და დოგმატიკის საფუძვლები; დოგმატურ–საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია ძველბერძნულ, ძველ და ახალქართულად; ანტიკური ფილოსოფიის ძირითადი სკოლები (პლატონიზმი, არისტოტელიზმი, სტოიციზმი, ეპიკურეიზმი, ნეოპლატონიზმი), მათი ძირითადი ნიშნები, წარმომადგენლები; ორი სააზროვნო სისტემის - ანტიკურობისა და ქრისტიანობის ურთიერთმიმართებები;
კურსდამთავრებულმა ასევე იცის ერთ–ერთი ევროპული ენა და რომელიმე აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: ბიზანტიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ძირითადი ენათმეცნიერული და ლიტერატურათმცოდნებითი, აგრეთვე ბიზანტიური ფილოლოგიის საკვლევი ტექსტოლოგიური მეთოდების გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად, კვლევითი ხასიათის პროექტის (ნაშრომის) განსახორციელებლად, ბიზანტიური პერიოდის საშუალო სირთულის სხვადასხვა ჟანრის ბერძნულ და ლათინურენოვანი ტექსტების თარგმნა ბერძნულიდან და ლათინურიდან ქართულად ლექსიკონის დახმარებით და შესაბამისი ლინგვისტური, ლიტერატურათმცოდნებითი, ტექსტოლოგიური და საღვთისმეტყველო კომენტარების მომზადება;
კურსდამთავრებულს ასევე შეუძლია ერთ–ერთი ევროპული ენისა და რომელიმე აღმოსავლური ენის გამოყენება აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის;
დასკვნის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს ბიზანტიური ფილოლოგიის, ფილოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და მონაცემების შეგროვების, გააზრების, სისტემატიზაციისა და მათ საფუძველზე არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბების უნარი, ფილოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში როგორც პირველადი, ისე მეორადი საინფორმაციო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის, სხვადასხვა მეცნიერული მოსაზრებების, ჰიპოთეზებისა და თეორიების კრიტიკული შეფასებისა და საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს სფეროში არსებული იდეების, პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის მომზადების უნარი ქართულ და ევროპულ ენებზე; დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობისა და აუდიტორიის კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის უნარი; სწავლისა და კვლევის პროცესში თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: კურსდამთავრებულს აქვს საკუთარი ცოდნის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასებისა და შემდგომ სწავლის საჭიროებების განსაზღვრის უნარი; სპეციალური, ქართული, ევროპული და კლასიკურ ენებზე არსებული ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის გაღრმავების უნარი; ხელმძღვანელის მეთვალყურეობით კვლევითი სამუშაოს, საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულების უნარი; სამუშაო დროის რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
ღირებულებები: კურსდამთავრებულს აქვს პროფესიული ეთიკის ნორმების ცოდნა, ინტელექტუალური საკუთრებისადმი პატივისცემის გრძნობა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვის უნარი; დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა; ზოგადსაკაცობრიო, ევროპული და ეროვნული ღირებულებებისადმი პატივისცემის გრძნობა.
დასაქმების სფეროები
ბიზანტიური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი მრავალმხრივი დარგობრივი და ზოგადი (ტრანსფერული) უნარების დახმარებით, საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული, სარედაქტორო, სარეფერენტო, მეთოდიკური, მხატვრულ–კრიტიკული საქმიანობისათვის კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს მთარგმნელობით ცენტრში, სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი პროფილის მქონე ორგანიზაციაში (ასისტენტად, ლაბორანტად და სხვ.), გამომცემლობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ–გამოცემები და სხვ.), სხვადასხვა პროფილის ფონდში, არასამთავრობო ორგანიზაციასა და სახელმწიფო სექტორში, კერძო კომპანიაში, სასულიერო–საგანმანათლებლო ცენტრებში და სხვ.